„საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას ესწრება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.
„მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და ეს არის მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.