„ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, ასევე ზოგადად, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე გამოსვლისას.
მისი ინფორმაციით, რეფორმა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის კუთხით ეტაპობრივ და ნაწილობრივ ლიბერალიზაციას გულისხმობს.
„ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მივიღოთ ტარიფების თვალსაზრისით. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია, რომ დავზოგოთ ის ენერგორესურსი, რომელიც გვაქვს და კიდევ ერთი დიდი იმპულსი მივცეთ ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ არ აშენდება გენერაციის ობიექტები, საქართველოს ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი ექნება.
„ჩვენი გათვლებით, უცხოეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ გენერაცია, რათა ჩვენმა ეკონომიკამ თავისი ენერგიის წყარო იქონიოს. ეს უმნიშვნელოვანესია, ამისთვის გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვაშენებთ გენერაციას. დიდი ჰიდროელექტროსადგურების - შუახევის, ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის, ცხენისწყლის და დამატებით ენგურის ჰესების გარდა ჩვენ გვაქვს საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული გეგმაც“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მისი ინფორმაციით, დღესდღეობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 117 პროექტი, 26 პროექტი მშენებლობის ლიცენზირების ეტაპზე და 22 პროექტი მშენებლობის ეტაპზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყანას დამატებით 365 მეგავატ ელექტროენერგიას მისცემს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ სექტორში დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.
ამასთან, როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, მთავრობას აქვს კარგად დათვლილი და გააზრებული გეგმა თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებითაც.
„გვაქვს ამბიციური გეგმები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც, კერძოდ, 2020 წლიდან დავიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ასევე ვსწავლობთ მზის ენერგიის პოტენციალს, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველო ენერგეტიკის მიმართულებით უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.