25 დეკემბერს, თბილისში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებს, ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი ხელმძღვანელობდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობა დინამიურად და პოზიტიურად ვითარდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში. მანვე, სომეხ კოლეგას, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მოაწოდა ინფორმაცია. ქართულმა მხარემ იმ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა, რაც რეფორმების გატარების პროცესში დაუგროვდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ კავშირებზე ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა საქართველოსთან აქტიურად ანვითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა სომხეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდ რაოდენობას. მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, საქართველო-სომხეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმებიც დაისახა.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები ყოველწლიურად იმართება და მასში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.