საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი პროცედურების სრული დაცვით განიხილავს.
„2012 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა სასამართლო სისტემაში, მათ შორის იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც სასამართლო ხელისუფლება თვითონ წარადგენს უზენაესი სასამართლოში წევრობის კანდიდატებს. ამავე რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ პარლამენტი თავისი საზედამხედველო ფუნქციით ერთვება ამ პროცესში, ანუ ფორმალური მხარიდან ჩვენ აქტიურ მხარეზე გადავინაცვლეთ. შესაბამისად, იუსტიციის საბჭომ წარადგინა კანდიდატები, ახლა ჯერი პარლამენტზეა, პარლამენტი პროცედურების სრული დაცვით განიხილავს ამ საკითხს, ჩვენ მოვუსმენთ აუცილებლად კანდიდატებს, ყველა კითხვას, თუ რამე არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, პასუხიც უნდა გაეცეს“, –განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.