logo_geo
eng_logo
„წელს NATO-ს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაცია“
- +

26 დეკემბერი. 2018. 16:42

 

ბრიუსელში NATO-ს სამიტზე წელს პირველად ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშში, 2018 წლის მთავარ მიღწევებშია აღნიშნული.

 

უწყების ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც NATO-ს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე.

 

ამასთან, ბრიუსელში NATO-ს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს NATO-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას.

 

„დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად.

 

სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, დაისახა და შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გადაწყდა საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ NATO-ს მუდმივ საზღვაო ძალებს შორის ურთიერთობის გაღრმავება“, – ნათქვამია საგარეო უწყების ანგარიშში.

 

ამასთან, მითითებულია, რომ ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში. წლის განმავლობაში გაიმართა 20-მდე სხდომა, მაღალ და სამუშაო დონეზე.

 

უწყება აღნიშნავს, რომ 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა დღეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაჯამა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner