„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება - ამ გადაწყვეტილებამ სემეკ-ს საშუალება მისცა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები დარჩეს უცვლელი და მცირედი შემცირებაც კი მოხდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზის ფასის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული.
„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.