თამაზ მეჭიაურმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვა. ამის შესახებ მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამ წუთიდან ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვრჩები საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია "ქართულ ოცნებაში", ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.
მე ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციიდან არ ჰქონდა ამას მხარდაჭერა. მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი - ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მხარს დავუჭერ უმრავლესობას ძირითად საკითხებში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხეთქილების მიზეზი გახდა", - განაცხადა მეჭიაურმა და ამ კონტექსტში საგარეო ორიენტაცია დაასახელა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულ გეგმებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.