logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: იუსტიციის საბჭომ გადაწყვიტა, ათი მოსამართლის სია ყოველგვარი პროცედურის და წინასწარი პროცესის გარეშე წარედგინა
- +

27 დეკემბერი. 2018. 01:43

„ნომინირება იუსტიციის საბჭოს უფლებაა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ათი მოსამართლის სია ყოველგვარი პროცედურის და წინასწარი პროცესის გარეშე წარედგინათ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„მათ თქვეს არგუმენტაცია, თუ რატომ გადაწყვიტეს, ეჩქარათ, მაგრამ ეს არგუმენტები პირადად ჩემთვის, მისაღები არ არის, რადგან ამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გარკვეულწილად, ქართული მართლმსაჯულებისთვის განმსაზღვრელი იქნება და შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც პარლამენტს ოთხი წლის ვადაში მოუწევს.

 

„ჩვენ 18 მოსამართლე გვყავს დასანიშნი და ეს ადამიანები უვადოდ ინიშნებიან. ანუ, ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ეს არის ბოლო ინსტანცია, რომლის ხელშიც არის ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება და შესაბამისად, ამ ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, საზოგადოების ნდობაც არსებობდეს.

 

„იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ნდობა არსებობდეს, უნდა არსებობდეს გარკვეული პროცესი – როგორ ვარჩევთ, როგორ ვწყვეტთ, ვინ არის ყველაზე კეთილსინდისიერი და პროფესიონალი, რასაც კონსტიტუცია გვავალებს. ვინაიდან ეს პროცედურები არ არსებობს და შესაბამისად, არც დაცული ყოფილა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში, ეს პროცედურები გაჩნდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელშიც გაწერილი იქნება, როგორ იზომება კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და კონკრეტულ გვარებზე მსჯელობა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებში პარლამენტის ვერც ერთი წევრი ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს, რადგან ხელისუფლების გამიჯვნის მთავარი პრინციპი ეს არის, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობაა, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მაღალი იყოს და აქ, საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner