თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა სასტუმრო „რუმს თბილისში" გამართულ „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
თამარ ტალიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ხელოვნების განსაკუთრებულ როლსა და მასში ქალის ჩართულობის უპირატესობაზე ისაუბრა.
თამარ ტალიაშვილმა საუბრისას ყურადღება ხელოვნებისა და კულტურის დარგში თბილისის მუნიციპალიტეტში გატარებულ პროგრესულ რეფორმებზე, ქალთა გაძლიერებასა და მათი კრეატიულობის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროექტებზე გაამახვილა.
მისივე თქმით, თბილისის ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებს მუდამ მხარს უჭერს, ვინაიდან ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქალთა ეკონომიკაში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სიტყვის დასასრულს, თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" შექმნის ინიციატორს ლანა ღოღობერიძეს და საქართველოში სპეციალური მოწვევით მყოფ ინდოეთის ზედა პარლამენტის წევრსა და კინოვარსკვლავს ჰემა მილინს გადაუხადა.
დღესვე, კონფერენციის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც იური მეჩითოვისა და ახალგაზრდა ფოტოხელოვანთა ნამუშევრები იყო გამოფენილი.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის" 20-21 მაისს სასტუმრო „რუმს თბილისში" ლანა ღოღობერიძის ინიციატივით ორგანიზებული კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" მიერ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ახალგაზრდაქალებს, საერთაშორისო კავშირების დამყარების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტში მონაწილეობა საქართველოდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და აშშ-დან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, რეჟისორებმა, ასევე ფოტოხელოვანებმა, მუსიკოსებმა და ქორეოგრაფებმა მიიღეს.