პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავენ, განაცხადა, რომ „ადამიანი სოციალურ შემწეობას რომ იღებს სახელმწიფოსგან და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში უშვებს, ეს დანაშაულია მისი ოჯახის და მისი შვილების წინაშე“.
„პირდაპირ ვამბობ, ადამიანები ამ ნარკოტიკს უნდა შეეშვან. როდესაც ისეთი საუბარი მიდის, რომ სიგარეტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ადამიანს ჯერ სამსახური ვუშოვოთ და მერე დაანებებს თავს, ეს მიუღებელია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.