სასწრაფო სამედიცინო დახმარების 60 ეკიპაჟი, 3 ახალი სადგური, მაღალი გამავლობის მანქანები, თანამედროვე აღჭურვილობა და სპეციალური მომზადება – მაღალმთიან რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული შესაძლებლობებით შეხვდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმამ ექიმის პაციენტამდე მისვლის დრო შეამცირა მაღალმთიან რაიონებშიც და პაციენტის სამედიცინო პუნქტამდე გადაყვანის შესაძლებლობა გაზარდა. წინა პერიოდში, მთიანი რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, ეკიპაჟის წევრებს ხშირად ფეხით უწევდათ სიარული, რაც თავისთავად გამოძახების ლოკაციაზე რეაგირებისა და სერვისის მიწოდების დროის გახანგრძლივებას იწვევდა. 2018 წელს მაღალი გამავლობის, სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანები მაღალმთიანი დასახლებების მქონე 16 მუნიციპალიტეტს გადაეცა, მათ შორის: მესტიას, ამბროლაურს, დუშეთს, ცაგერს, ლენტეხს, თეთრიწყაროს, თიანეთს, ნინოწმინდას, ონს, საგარეჯოს (გომბორი), სტეფანწმინდას, ხულოს, შუახევს, ქედას, წალკას და ჩოხატაურს.
ლალი გულედანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი: ჩვენს რაიონში სასწრაფოს ჰყავს ძალიან კვალიფიციური ექიმები. უკვე გამოძახებაზე უფრო დროულად მოდის სასწრაფოს ახალი მანქანა, რაც პირველ რიგში ჩვენთვის, მაღალმთიან რაიონში მცხოვრებთათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ, პრობლემა იყო დროულად პაციენტამდე მოსვლა – მოძველებული „უაზი“ ჰყავდათ, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან.
მაღალმთიან რაიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად ადგილობრივ მცხოვრებთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადებაც. ამ მიმართულებით უკვე ორი ჯგუფი – სულ 26 ადამიანი მომზადდა. სწავლების შემდეგ, წარმატებულ კურსანტებს სამედიცინო ჩანთები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კომპლექტაცია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო მასალასა და ინვენტარს მოიცავს. სწავლებაში, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს – ახმეტის, შუახევის, დუშეთის, ყაზბეგის, ონის, მესტიის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის, ბორჯომისა და გორის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები ჩაერთვნენ. მაღალი გამავლობის გადაუდებელი დახმარების მანქანა გადაეცა დუშეთის მუნიციპალიტეტსაც, რომელიც ბარისახოს ამბულატორიას მოემსახურება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მზექალა არაბული აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების მიღება მუდმივად გართულებული იყო, ახლა სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე დროულად მიდის.
„დაბადებიდან აქ ვცხოვრობ. სასწრაფო დახმარების მიღება ჩვენს მხარეში სულ გართულებული იყო. ახლა სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე დროულად მოდის. რამდენიმე დღის წინ 80 წლის ქალი სოფელში ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო, მოკლე დროში მოვიდნენ და თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაარჩინეს“, - ამბობს მზექალა არაბული.
ბარისახოს ამბულატორიის დირექტორი მაკა დარჩია კი აცხადებს, რომ მათ ამბულატორიას უკვე გადაეცა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომლის საშუალებითაც ბარისახოს თემში შემავალ მაღალმთიან სოფლებში ექიმები უფრო ადვილად მივლენ.
„ბარისახოს ამბულატორიაში მიმართვიანობა ხშირია. ადგილზე შესაძლებელია, ყველა ამბულატორიული სერვისის მიღება. ჩვენს ამბულატორიას უკვე გადმოეცა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომლის საშუალებითაც ბარისახოს თემში შემავალ მაღალმთიან სოფლებში უფრო ადვილად მივალთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რომ ქრონიკულ პაციენტებს გართულებების დროს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ადგილზე აღმოვუჩინოთ“, – აცხადებს მაკა დარჩია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, რომელიც საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაბედული და წარმატებული რეფორმა გაატარა. კერძოდ, აშენდა ახალი სადგურები, პერსონალმა გაიარა პროფესიული მომზადების ახალი პროგრამა, სრულად განახლდა ავტოპარკი და ყველა ეკიპაჟმა თანამედროვე აღჭურვა მიიღო. სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო პირობები გაუმჯობესდა და მათი ხელფასები ორი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 73%-ით გაიზარდა. დაინერგა შემთხვევათა მართვის თანამედროვე სისტემა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფოს ახალი რაიონული ცენტრები მომავალშიც გაიხსნება. ახალი ფილიალები უკვე აქვს ამბროლაურის, მესტიისა და ჩოხატაურის სამსახურებს. ამასთანავე, დაგეგმილია მომავალ წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ რაიონებში ახალი ოფისების აშენება.