logo_geo
eng_logo
„გამსახურდიას საქმეზე კონკრეტული საპროცესო შედეგის დადგომა რომ არ იყოს შესაძლებელი, გენერალური პროკურორი არ ჩაუდგებოდა გამოძიებას სათავეში“
- +

27 დეკემბერი. 2018. 21:29

 

 

 

„ზვიად გამსახურდიას საქმეზე კონკრეტული საპრეცესო შედეგის დადგომა რომ არ იყოს შესაძლებელი, საქართველოს გენერალური პროკურორი არ ჩაუდგებოდა გამოძიებას სათავეში და ამ პასუხისმგებლობას არ აიღებდა“, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელობა თავად გენერალური პროკურორის ინიციატივა იყო. ამირან გიგუაშვილი და ცოტნე გამსახურდია შალვა თადუმაძეს გუშინ შეხვდნენ.

 

„ძალიან ღია საუბარი შედგა. საკმაოდ უშუალო იმ თვალსაზრისით, რომ იყო გარკვეულ დეტალებზე საუბარი, მათ შორის ნდობის კუთხით, რომელიც გამსახურდიების ოჯახს, ბუნებრივია, არ გააჩნია პროკურტურის სისტემის მიმართ. გენერალურ პროკურორს ვუამბეთ ყველა იმ წინააღმდეგობის შესახებ, რომლის გადალახვაც წლების განმავლობაში გვიწევს ჩვენი ელემენტარული საპროცესო უფლებების რეალიზებისთვის. რეალურად გამოძიების ვადები წყდებოდა, ეს საქმე თაროზე უნდა შემოდებულიყო, საზოგადოების ერთიანობამ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების პორტესტის უკიდურესმა ფორმამ გადაარჩინა ეს საქმე დახურვას და სახელმწიფო სირცხვილს. სამარცხვინო იქნებოდა, პირველი პრეზიდენტის საქმე ისე დახურულიყო, რომ ელემენტარული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ იყო ჩატარებული. სახალხო დამცველის ანგარიში თუ ნახეთ, იქაც იგივე აქცენტებია გაკეთებული, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში მივუთითებთ.

 

ინიციატივა იმის შესახებ, რომ ის თავად უხელმძღვანელებს საგამოძიებო ჯგუფს იყო მისი. ჩვენ არ შეგვითავაზებია, არც გვქონდა იმედი, რომ გენერალური პროკურორი თავად აიღებდა ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვაფასებთ მის ამ გამბედაობას . ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი ჩარტულობით, გამომძიებლების, პროკურორების ჩართულობით უმოკლეს ვადებში ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები და საზოგადოებამ მიიღოს კითხვაზე პასუხი: ვინ მოკლა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

ზვიად გამსახურდიას საქმეზე კონკრეტული საპრეცესო შედეგის დადგომა რომ არ იყოს შესაძლებელი, საქართველოს გენერალური პროკურორი არ ჩაუდგებოდა გამოძიებას სათავეში და ამ პასუხისმგებლობას არ აიღებდა. თადუმაძის ჩართულობა ჩვენთვის იყო იმის მანიშნებელი, რომ გამოძიებას აქვს ჯერ კიდევ რესურსი , კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს რა შედეგი დადგება ეს ცალკე საკითხია თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ყველაფერი. ამ საქმეზე იმის ნახევარიც არ არის გაკეთეული რისი გაკეთებაც შესაძლებელია“- განაცხადა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფში ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირებიც იქნებიან.

 

„ეს საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი. გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ განიხილავენ ყველა იმ კანდიდატურას, რომლის მონაწილეობაც შესაძლებელია“- განაცხადა გიგუაშვილმა.

 

ცნობისთვის, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის შვილს, ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ.

 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

 

საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

 

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში 14 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner