საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმ პოზიციაზეა, რომ „კოღუაშვილის გადაცდომები იყო უადგილო".
„შეიძლება ითქვას, ძალიან უხეშიც. მან თავისთავზე აიღო ეს ყველაფერი, ბატონმა გიორგიმ მობოდიშებასავით თქვა, რომ კოღუაშვილი პროტესტს გამოთქვამდა წინა რეჟიმის დროს ანუ ეს არ არის მისი სტილი. თვითონაც განიცდის, ბუნებრივია. ვნახოთ, პროცესები გრძელდება. საინტერესო იქნება თავად დავით კოღუაშვილის მოსმენა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
ნიშნიანიძის თქმით, კოღუაშვილის პარტიიდან გარიცხვაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის.
„მე ადრეც ვთქვი - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ-მეთქი. ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დავით კოღუაშვილს ალბათ, მოუწევს ჩვენთან განმარტებების გაკეთება", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრას, ნიშნიანიძის თქმით, თემა, რომელზეც იმსჯელეს, იყო „გუნდურობის შენარჩუნება, ერთიანობა დარჩენილი დროის განმავლობაში".
„ჩვენ დავუდასტურეთ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.