ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აფხაზეთში მიიწვია.
მისი თქმით, ბაშარ ასადი მის მიწვევას დათანხმდა, მაგრამ როდის შედგება ვიზიტი, ეს სირიაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. რაულ ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ სირიაში არსებული რთული ვითარება მალე დასრულდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი სასარგებლო პირობების გამო სირიასთან ურთიერთობების გაღრმავება საჭიროა. მისი თქმით, აფხაზეთი სირიასთან სატრანსპორტო კავშირების დამყარებით დაინტერესებულია, რაც ეკონომიკის განვითარებაზეც აისახება.
„ჩვენ აღნიშნულ საკითხებს რუსეთის მონაწილეობით განვიხილავთ, რათა განხორციელდეს“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.