საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და არ გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია.
„პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც დავით კოღუაშვილმა მისცა ერთ-ერთ ოპოზიციურ გაზეთს. მე მგონი, ისიც არ იცოდა, თუ ეს გაზეთი ოპოზიციური იყო. ჩემი დაკვირვებით, დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და მე მგონი, არ გაითვალისწინა, რომ განსაკუთრებულად ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია.
ვიცნობ რა დათო კოღუაშვილს დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ კოღუაშვილი კიდევ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის შთაბეჭდილება, რომელიც დარჩა იმ ინტერვიუდან საზოგადოებას მასთან მიმართებაში, აუცილებლად შეეცვლება. მას ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ვფიქრობ, რომ მან დაუშვა შეცდომა და ამის გამოსწორების საშუალება მიეცემა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების" შეხვედრას დაესწრო.
„ბატონი ბიძინა დავპატიჟეთ ფრაქციის სხდომაზე და მნიშვნელოვანი იყო მისი აზრების მოსმენა. იგი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ბატონი ბიძინას აზრი, რჩევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, ივანიშვილმა საკუთარი აზრი დავით კოღუაშვილზეც და თამაზ მეჭიაურზეც გამოთქვა.