პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ახალ საარჩევნო პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამომრჩევლების წინაშე ახალი საარჩევნო პროგრამით წარსდგება.
„ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი სწორედ პროგრამაზე, იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც პარტიამ ამომრჩევლებთან უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოებას. პროგრამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს პარტია და განახლებული პოლიტსაბჭო აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ მიმართულების მიხედვით, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს. ეკონომიკური საკითხები, სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, განათლება, ჯანდაცვის სფერო და ა.შ. ყველა მიმართულება იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელზეც მუშაობა ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.