„რასაც ზოგიერთი უწოდებს ე.წ. კლანურ მმართველობას, ამას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ გუნდური მუშაობა“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართვაზე პარლამენტისადმი, შეიტანოს ცვლილებები ორგანულ კანონში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას გულისხმობს.
„შეგვიძლია, ორ საკითხზე ვისაუბროთ – პირველია ის კრიტერიუმებია, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. მეორე გახლავთ ის რაოდენობა, რა რაოდენობითაც უნდა იყვნენ არჩეული მოსამართლეები.
პირველ ნაწილში ჩვენ ვიზიარებთ ამ პოზიციას და ეს იყო სწორედ ძირითადი არგუმენტი, როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადადებულიყო ეს პროცესი და ის კრიტერიუმები და ის საფუძვლები გაწერილიყო, რომლის შესაბამისადაც იქნება შერჩეული მოსამართლეები. ხოლო მეორე ნაწილს რაც შეეხება – რაოდენობას, ბუნებაში არ არსებობს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, თეორიულად არ მახსენდება არცერთი სახელმწიფო, სადაც ეწეროს, რომ ასი პროცენტით თანხმობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ რაც შეეხება პირველ ნაწილს, ეს ზუსტადაც ჩვენი არგუმენტია, რომ კრიტერიუმები და პროცედურები ყოფილიყო გამჭვირვალე, რომლის საფუძველზეც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეირჩეს მოსამართლეების კანდიდატურები“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გიორგი მიქაუტაძისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა აღიქმება, როგორც მოსამართლეთა ამ კლანის მიმართ მხარდაჭერა.
„რაც შეეხება შეხვედრას, ეს არის ჩვეულებრივი ფორმატი, ამაში ვერაფერს გასაკვირს ვერ ვხედავ, პირიქით, გუნდში რასაც ზოგიერთი უწოდებს ე.წ. კლანურ მმართველობას, შეიძლება ამას თავისუფლად ვუწოდოთ გუნდური მუშაობა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებოდეთ ამ ორი უწყების ხელმძღვანელების შეხვედრას, ზუსტად იმ საკითხზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, პირიქით, ვისმენთ ნეგატიურ კომენტარებს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს მდივანი სწორედაც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე შეხვდნენ ამ საკითხზე, რასაც ბუნებრივია, სწორი გადაწყვეტილება მოჰყვება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.