რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წლევამდელის მდგომარეობა სტაბილურია. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ხაჩატურ მანკასარიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული არ აქვს.
„ამ ეტაპზეც და დღის განმავლობაში პარამეტრები არ შეცვლილა. სასიცოცხლო ფუნქციები ინარჩუნებს რიტმს, ანუ გაუარესება არ გვაქვს. მდგომარეობა არის სტაბილური და დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი გუშინ დაიჭრა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.