საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება.
„დღეს კომიტეტზე პროცესი უნდა წარიმართოს იმ სამართლებრივი პროცედურების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა ბრიფინგით, რომ მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვა შეჩერებულია. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველაფერი მოხდება გამჭვირვალედ, ყველა იმ სუბიექტის ფართო ჩართულობით, ვინც უნდა იყოს ჩართული,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, ის მხარს დაუჭერს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ არის „კი“ და „არა“-ს პასუხი.
„არ არის ეს „კი“ და „არა“-ს პასუხი. მე მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა იმ რეფორმებიდან, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებით განხორციელდა. პროცესი შეჩერებულია და რომელ სიაზე მეკითხებით, რაზე ვსაუბრობთ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.