ახალი წელი ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულად ითვლება. ყველა ქვეყანაში ამ დღესასწაულს განსხვავებულად ხვდებიან. ტრადიციის მიხედვით, მსოფლიოში ხალხის უმეტესობა შობა-ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდება. თუმცა, არსებობენ ისეთები, რომლებსაც მოგზაურობა უყვართ და ახალი წლის შეხვედრა სამშობლოსგან მოშორებით ურჩევნიათ. წარმოგიდგენთ 10 ადგილს მსოფლიოში, სადაც ყველაზე განსხვავებულად შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს.
სიდნეი, ავსტრალია
ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში ყველაზე კარგად იციან, როგორ აღნიშნონ ახალი წელი. პენსიონერებისთვის, ბავშვიანი წყვილებისთვის, მოგზაურებისთვის, აქ ყველასთვის არის რაღაც, რაც მათთვის ამ დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფერება. საშუალო და დიდი ზომის გემებზე ბარები და რესტორნებია განთავსებული. ახალი წლის შესახვედრად ავსტრალიაში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩადის.
ტოკიო, იაპონია
ტოკიოში ახალ წელს არა მარტო 31 დეკემბერს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. საახალწლო დღესასწაული 29 დეკემბრიდან იწყება და 4 იანვრამდე გრძელდება. ფოიერვერკების, ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის გარდა, ტოკიოში აუცილებლად უნდა მიირთვათ საახალწლო კერძი, Toshikoshi Soba. ტოკიოში ახალი წლის დადგომას უზარმაზარი ზარის ხმა გაცნობებთ, ეს ხმა კი მთელ ქალაქში ისმის.
კოჰ ფანგანი, ტაილანდი
ცეკვისა და გართობის მოყვარულთათვის ტაილანდის კუნძული კოჰ ფანგანი საუკეთესო ადგილია. აქაურობა ცნობილია სავსე მთვარის დღესასწაულების აღნიშვნით. ახალი წლისთვის კი, 50 000-მდე ადამიანი ერთ წვეულებაზე იკრიბება.
ედინბურგი, შოტლანდია
საახალწლოდ ედინბურგის ქუჩებში უამრავი გასართობი, ცოცხალი მუსიკა და საჭმელ-სასმელია. ედინბურგში ერთი უცნაური ტრადიციაც აქვთ, ოჯახში ახალი წლის ღამეს პირველად მუქი ფერის კანის მთვრალი ადამიანი უნდა შევიდეს. ახალ წელს შოტლანდიაში რამდენიმე დღე აღნიშნავენ, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 30 და 31 დეკემბერს იმართება.
პარიზი, საფრანგეთი
საფრანგეთი ახალი წლის აღსანიშნავად განსაკუთრებულად ემზადება. პარიზს შეყვარებული წყვილების გარდა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. ყოველწლიურად ეიფელის კოშკზე ულამაზესი ფოიერვერკების შოუ ეწყობა. კოშკთან შეკრებილი ხალხი ახალი წლის დადგომამდე ათიდან უკუთვლას იწყებს.
ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონაში ახალ წელს სახლში ხვდებიან, 12 საათზე კი 12 მარცვალს ჭამენ, სურვილს ჩაიფიქრებენ, შემდეგ კი იწყებენ ახალი წლის აღნიშვნას. ვინც ამ ქალაქში ნამყოფია, ისედაც იცის, რომ ბარსელონას განსაკუთრებული ენერგია აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამა ჩვეულებრივი ამბავია, ახალ წელს კი ენერგიასთან ერთად საჭმელ-სასმელიც ორმაგდება, ახალი წლის ღამეს კი, ათასობით კლუბი, ბარი და რესტორანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ბარსელონას მსგავსად, ენერგია არც რიო-დე-ჟანეიროს აკლია. მოსახლეობის უმეტესობა 12 საათს სანაპიროზე ხვდება. აქვე ეწყობა ფოიერვერკების ულამაზესი სანახაობა. ბრაზილიური მუსიკის ჰანგები და სხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში ჟღერს, ჩაძინების საშუალებას არ მოგცემთ.
ნიაგარას ჩანჩქერი, ონტარიო, კანადა
ერთ დღეში ყველაზე მეტი ხალხი ნიაგარას ჩანჩქერს სწორედ ახალ წელს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს გარეთ ყინავს, განსაკუთრებით კი ჩანჩქერზე და, მიუხედავად იმისა, რომ კანადაში უამრავი ადგილია, სადაც მხიარულად შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წელი, ხალხის უმეტესობა ამ დღეს მაინც ნიაგარას ჩანჩქერზე ხვდება. ჩანჩქერი რამდენიმე ფერადაა განათებული, ფოიერვერკების შოუც აქვე ეწყობა.
ლას-ვეგასი, აშშ
ლას-ვეგასი არის ქალაქი, სადაც არა მარტო ახალი წლის, არამედ ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნა საუკეთესოდ შეგიძლიათ. შუაღამის დადგომასთან ერთად ფოიერვერკებს ერთდროულად შვიდი უდიდესი სასტუმროს და კაზინოს სახურავიდან უშვებენ. ახალი წლის საღამოს ყველა დაწესებულება საკუთარ სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს, თუმცა ყველაზე დიდი შოუ და დღესასწაული ლას-ვეგასის ქუჩებშია.
ნიუ-ორკი, აშშ
Times Square-ზე ახალი წლის აღნიშვნას უკვე 100-წლიანი ტრადიცია აქვს. ახალ წელს ამ ადგილზე მილიონამდე ადამიანი ხვდება, ამდენივე ადამიანი კი ტელევიზიით ადევნებს თვალყურს გიგანტური ბურთის ანთებას. რაც შეეხება ღამის გართობას, ნიუ-ორკი ისედაც არის ქალაქი, რომელსაც არ სძინავს.