დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, საბჭოთა კავშირში გამქრალი საახალწლო რიტუალების შესახებ და ის, თუ როგორ მოხვდა ახალი წელი, ნაძვის ხე და თოვლის პაპა ბოლშევიკების „რეპრესიულთა სიაში“.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1917 წლიდან ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს ათეისტური პოლიტიკის გატარება. რელიგიური ხასიათის გამო კრიტიკის საგანი გახდა შობა-ახალი წელი და საწინააღმდეგო პროპაგანდაც დაიწყო; საჯაროდ გმობდნენ ახალ წლის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციულ სიმბოლოს, საშობაო ნაძვის ხეს და თოვლის პაპას.
მოკლედ, საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც „ბურჟუაზიული გადმონაშთი“, ახალი წლის აღნიშვნა და ნაძვის ხე საერთოდ აკრძალა. ეს დღე სამუშაო დღედ გამოაცხადა. თუ ვინმეს სახლში საშობაო ნაძვის ხეს უნახავდნენ, სასჯელი არ ასცდებოდა, თუმცა, მოქალაქეები შობას სახლში ჩუმად მაინც აღნიშნავდნენ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კომკავშირლებმა „კომკავშირული შობის“ მოწყობაც კი გადაწვიტეს, თუმცა, ამ საქმეს გაგარძელება არ მოჰყოლია, რადგან 1923 წელს ბოლშევიკების ბელადმა ლენინმა, მეუღლესთან ნადეჟდა კრუპსკაიასთან ერთად, გორკიში, თავისი ხელით დადგა საახალწლო ნაძვის ხე. ამის შემდეგ შობა საბჭოთა კავშირის კალენდარში დასვენების დღედ 1928 წლამდე დარჩა.
თუმცა, დრომ არ დაახანა და თოვლის პაპა, ნაძვის ხე და ახალი წლის აღნიშვნა ბოლშევიკების რეპრესიებს მაინც შეეწირა.
1935 წელს სტალინს შინაურ წრეში უთქვამს, რომ ცუდი არ იქნება საბჭოთა ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხეს თუ დავუბრუნებთო, ვინმემ ინიციატივა გამოიჩინეთ და მე მხარს დაგიჭერთო. დიდი ბელადის ინიციატივას მალევე გამოუჩნდა გამხმოვანებელი და 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „პრავდაში“ იბეჭდება პარტიული მოღვაწის პაველ პოსტიშევის წერილი, სათაურით „ახალი წელი, ეს კარგი დღესასწაულია“.
მალევე „საშობაო ნაძვის ხეს“ „საახალწლო ნაძვის ხე“ ეწოდა. პარტიული ელიტაც ამოძრავდა და 1936 წლის დამდეგისთვის მოსკოვში, სვეტებიან დარბაზში, ბალადის პორტრეტებით დამშვენებული პირველი ნაძვის ხე დადგეს ბავშვებისთვის. დირექტივაც გაიცა, თუ როგორ უნდა მოერთოთ კენწეროზე „წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავით“, „ხუთწლიანი გეგმის“ ამსახველი სიმბოლიკით - ტრაქტორები, ტანკები, გემები, მატარებლები...
სტალინმა ეს ბრძანება კი გასცა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ საბჭოთა ხალხისთვის ახალი წელი არ მიულოცავს. ამ მოვალეობას სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (დე-იურე სახელმწიფოს მეთაური) მიხეილ კალინინი ასრულებდა. 1941 წელს რადიოთი ახალი წლის მილოცვის შემდეგ პირველად აჟღერდა საბჭოთა კავშირის ახალი ჰიმნი. 1947 წლიდან კი ახალი წელი უქმე დღედ გამოცხადდა. იმ დროს ყველა ოჯახში იდგა ცოცხალი ნაძვის ხე.
რაც შეეხება ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდს, ისიც არ იკლავდა თავს ახალი წლის აღნიშვნით. მის ნაცვლად რადიოთი ახალ წელს საბჭოთა ხალხს ლეგენდარული წამყვანი იური ლევიტანი ულოცავდა, შემდეგ - იგორ კირილოვი. თუმცა, ხრუშჩოვის ინიციატივით, 1954 წელს, დიდი ქალაქის მოედნებზე პირველად დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხე. 1956 წელს კი გამოვიდა ელდარ რიაზანოვის საახალწლო მხატვრული ფილმი „საკარნავალო ღამე“, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა. ფილმი 49 მილიონმა მაყურებელმა ნახა. 1962 წელს პირველად გავიდა ცენტრალური ტელევიზიით საახალწლო გადაცემა „ცისფერი ეკრანი“.
1971 წლის 31 დეკემბერს, 23 საათსა და 50 წუთზე პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, მაშინდელმა „გენსეკმა“ ლეონიდ ბრეჟნევმა ქვეყნის მთავარ არხზე საბჭოთა ხალხს ახალი წელი მიულოცა.
მოკლედ, ასე იცვლებოდა ბელადებთან ერთად ახალი წელის დღესასწაული და ნაძვის ხე, რომელიც კომუნისტებმა პროპაგანდისტული მიზნებისთვის წარმატებით გამოიყენეს.