logo_geo
eng_logo
წმინდა ნიკოლოზი და სანტა კლაუსი – რა იმალება იდუმალი ლეგენდის უკან
- +

2 იანვარი. 2019. 20:03

 

 

წმინდა ნიკოლოზი ჩვენი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა. განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში – VI საუკუნიდან, რომში კი – VIII საუკუნიდან დამკვიდრდა. არსებობს გარკვეული ლეგენდები წმინდა ნიკოლაუსთან მიმართებით და ვეცდებით, მოგითხროთ მათ შესახებ.

 

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, წმინდა ნიკოლაუსი მდიდარი იყო, როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ, მას დიდი ქონება დარჩა. იგი ძალიან კეთილი ადამიანი იყო და ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებსა თუ ღარიბებს, ჩუქნიდა მათ საიდუმლო საჩუქრებს.

 

როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმინდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმინდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმინდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.

 

სწორედ ამ ეპიზოდმა წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმინდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

 

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე „წმინდა ნიკოლოზი“ არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ „გამოცდის“ შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.

 

თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმინდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

 

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პერსონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში „საშობაო პაპის სტუმრობა“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner