ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა.
„ოქტომბერში პატივი მქონდა, გამეხსნა მსოფლიოში უძველესი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. წელს საპატიო სტუმარი იყო საქართველო, ევროკავშირის უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩემთვის ემოციური იყო საუბარი იმაზე, რაც ჩვენ, როგორც ევროპელებს გვაერთიანებს – ჩვენი კულტურა, იდენტობა, უფრო სწორად კი ათასობით იდენტობები, რომლებიც ერთად ცოცხლობენ, როგორც ერთიანი ევროპული იდენტობის შემადგენელი ნაწილი“, – წერს ფედერიკა მოგერინი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.