მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ „ვარდების მოედნისთვის" ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინიციატორი თავად გახდეს.
როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, თბილისის საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძის ინიციატივას ხელისუფლება მხარს არ უჭერს.
„ვარდების მოედნისთვის" ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე ქალაქის ხელისუფლება კატეგორიულ უარს გვეუბნება!
რამ შეგაძულათ ასე ზვიად გამსახურდია? რითი ვერ დაიოკეთ თქვენი პლებეური ზიზღი? ჯერ იყო და კინაღამ კრუნჩხვები დაგემართათ, როცა დადგა საკითხი აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე და ყველაფერი იღონეთ, ეს რომ არ მომხდარიყო.
ერთი თვის წინ ჩვენი ინციატივით საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი, რათა ვარდების მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა, ეს დღე იყო და ძლოკვის მსგავსი სრიალით იძრომიალეთ ყველა კაბინეტში, თავი მოიკალით და დღეს წინადადებით გამოდიხართ, რომ ვარდების მოედანს ზვიადის სახელი არ ეწოდოს და რესპუბლიკის მოედანი დაერქვას. ნუთუ არ გრცხვენიათ?
მინდა მივმართო პრემიერ კვირიკაშვილსაც: ბატონო გიორგი, დაუჭირეთ მხარი ჩვენს იდეას და თქვენვე გახდით ვარდების მოედნისთვის ზვიადის სახელის მინიჭების ინციატორი! სხვათაშორის, თავად შევარდნაძის მიერვე, სიცოცხლის ბოლოს მიცემული ინტერვიუები რომ გადაიკითხოთ, თვით ისიც კი აღიარებს, რომ ზვიადი უდიდესი ქართველი პატრიოტი იყო!
წვრილი ლიფსიტა ჩინოსნები თუ საკრებულოს დეპუტატები მიდიან და მიდიან ისე, რომ მათი არსებობა არავის ახსოვს, ხოლო ზვიად გამსახურდიას სახელი ქართველმა ერმა უკვე უკვდავჰყო! საკრებულოს ის თითოეული წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს და ბლოკავს მოედნისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას, ცალსახად არის მოღალატე და ავაზაკი, რომელთაც საქართველოს მოსახლეობამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს!"- აღნიშნავს ბრეგაძე.