ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან არანაირ კავშირში არ არის.
„ვერავინ უარყოფს იმას და არ არსებობს გუნდში ერთი წევრიც კი, რომელიც იტყვის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან. არც ერთ წევრთან, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, შეთანხმებული არ ყოფილა. მეასე ხარისხოვანი ხდება, რა მოტივები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. ამ მოტივებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება - გუნდთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და თან პროცედურების დარღვევით არ შეიძლება“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, გედევან ფოფხაძის საკითხი არ იყო პროცედურების დარღვევა, არამედ, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ იხილონ უზენაეს სასამართლოში.