საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ფატუ ბენსუდასთან შეხვედრა სურს, რადგან კიწმარიშვილის განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან მიმართებაში საკმაოდ ნიშვნელოვანია.
„ჩვენება, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა ჩვენს საპარლამენტო კომისიას მისცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს.
ჰააგის საერთაშორისო პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისთან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვგეგმავ საუბარს. აგვისტოს 5 -დღიანმა ომმა ისე ჩაიარა, რომ სააკაშვილის ხცელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც კი არ გააჩნდა. საბოლოო ჯამში კი, სააკაშვილის ხელისუფლების უუნარობასა და არაკომპეტენტურობას ომის დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ჰააგის პროკურორის ოფისთან საუბარს ვაპირებ იმ საკითხზეც, რომელიც აგვისტოს ომში ჩვენი რეზერვისტების გამოყენებას ეხება. ამ ასპექტში მთელი რიგი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ჩვენი ბავშვები (რეზერვისტები) საზარბაზნე ხორცად გაწირეს და ისინი მხოლოდ ღმერთის წყალობამ გადაარჩინა", - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ამავე ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებსაც იხსენებს.
„2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე კიწმარიშვილი რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო და როგორც დასავლური, ასევე რუსული პრესის წამყვან საშუალებებთან აცხადებდა, რომ სააკაშვილი აფხაზეთზე სამხედრო თავდასხმის გეგმას ამუშავებდა. მიმაჩნია, რომ ჩვენება, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა ჩვენს საპარლამენტო კომისიას მისცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს", - აცხადებს ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან."