logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მზადდება მრავალკომპონენტიანი გეგმა, რა უნდა გაკეთდეს წითელას შესაჩერებლად
- +

4 იანვარი. 2019. 15:05

 

„2018 წელს წითელას 2000 შემთხვევა დაფიქსირდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, გრიპის ვირუსთან ერთად, საქართველოში წითელაც გავრცელებულია.

 

„სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ღონისძიება გატარდა და დიდი ეპიდემია არ გვქონდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი სერიოზულია. 2000 არ არის იმდენი, რაც 2013 და 2014 წელს გვქონდა, რადგან მაშინ 11000 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს მრავალი ღონისძიება გატარდა, მაგრამ არასაკმარისი. ახლა მზადდება მრავალკომპონენტიანი გეგმა იმის შესახებ, თუ წითელას შესაჩერებლად რა უნდა გაკეთდეს. აღნიშნული გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცდება. მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ ახერხებს ამ პროცესის შეჩერებას და საჭიროა უფრო მასშტაბური ჩართულობა. წითელა გავრცელებულია 2 ასაკობრივ კატეგორიაში: 5 წლამდე ბავშვები და 20-დან 40 წლამდე პირებში“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებიდან წითელა მას ჰქონდა, ვისაც პროფილაქტიკური ვაქცინაცია არ ჩაუტარეს და მათ, ვისი მშობელიც დაავადების საწინააღმდეგოდ აცრილი არ იყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner