სიგარეტი უკვე გაძვირდა. როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.
მაგალითად, ერთი კოლოფი „ვინსტონი“ 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაძვირდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული „ქემელი“, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4.50 ლარამდე მოიმატა; კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4.20 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 3.70 ლარი ღირდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1 იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.