logo_geo
eng_logo
„ვისურვებდი იმ ამოცანებისთვის, რასაც ოთხოზორია და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს“
- +

6 იანვარი. 2019. 11:27

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გიგა ოთხოზორიასთვის (გარდაცვალების შემდგომ) მედლის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადასაცემად, ზუგდიდში,  მის ოჯახში იმყოფებოდა. გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა. მედალი მის ქვრივს გადაეცა.

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გიგა ოთხოზრიას და გამოხატა პატივისცემა მისი ოჯახის მიმართ.

 

„საქართველოს მთავრობის სახელით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს გადავეცით მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“, იმ თავგანწირვისათვის, რაც მან გამოიჩინა. აქ იზრდება ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, გიგას ორი შვილი და მინდა მათ, გიგას მთელ ოჯახს ბედნიერი ახლი წელი ვუსურვო. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ იმ ამოცანებისათვის, რასაც გიგა და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს.

 

არ შემიძლია არ ვთქვა ის, რაც ამ ოჯახში ქალბატონი ჯულიეტასგან, გიგას დედისგან გავიგე - ადამიანმა, რომელიც შვილმოკლული დედაა  თქვა, რომ ამ ტკივილის მიუხედავად  ვერც აფხაზებსა და ვერც ოსებს მტრებად ვერ აღიქვამს და ისინი  ახლობლებად მიაჩნია. ამით ჩვენ ყველას მოგვცა ძალა და მოგვიწოდა, რომ შერიგებისა და ერთობის აღდგენისათვის ვიმუშაოთ. ეს საოცარი სიტყვები, გრძნობა, გამძლეობა და მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას და გვანახებს გზას, რომლითაც უალტერნატივოდ უნდა ვიაროთ. მთავრობას ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები აქვს“, -აღნიშნა ქთევან ციხელაშვილმა.

 

„გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის, ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გიგა ოთხოზორია აღნიშნულ მედალზე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარადგინა. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ოჯახებმა  საახალწლოდ, ერთჯერადი დახმარების სახით, 2000-2000 ლარი მიიღეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner