დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
ქრისტეშობა
შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილი - მოციქულ მათეს (რომლიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, იმდენად იგი მესიის წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა" (მათე 1,1-17).
იცოდა რა მახარებელმა, რომ იესო არ იყოს იოსების (ქალწულ მარიამის ქმარი) შვილი, იგი არ ამბობს, რომ იოსებმა შვა იესო, არამედ გენიოლოგიური ხაზის აღწერისას ამბობს, რომ „იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, ქრისტედ წოდებული". მაგრამ რატომ მოჰყავს მაშინ მას იოსების წარმომავლობა და არა მარიამისა? საქმე ისაა, რომ ებრაელები არ აღწერდნენ თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით (შეიძლება ითქვას, ქალის ხაზით). ამასთან, რჯული მათ ცოლის მოყვანას წარმომავლობის იმ შტოდან ავალებდა, რომელსაც ქმარი მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მახარებელმა წეს-ჩვეულებას არ გადაუხვია და იოსების წარმოშობის აღწერით აჩვენა, რომ მარიამი - ცოლი იოსებისა, და შესაბამისად მისგან შობილი იესო, დავითის შტოდან არიან წარმოშობილნი.
წმინდა ლუკა მახარებელი კი აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობა რომის იმპერიაში გამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა და როგორც უკვე ითქვა, ებრაელები თავიანთ წარმომავლობას შტოების და შთამომავლობის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს ჩვეულება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორ ავგუსტუსის განკარგულების შეტყობისთანავე, ყოველი მათგანი იმ ქალაქებისკენ გაემართა, საიდანაც იყვნენ წარმომავლობით. იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ, ამიტომაც ისინი ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრნენ, რომელსაც დავითის ქალაქი ჰქვია, სადაც დაიბადა და მეფედ ეკურთხა დავით მეფსალმუნე. ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს, მის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქია. ნაზარეთიდან ბეთლემამდე გზის გავლას სამ დღეზე ცოტა მეტი სჭირდებოდა. ბეთლემიდან აღმოსავლეთით იყო დავითის ჭა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბული. როცა იოსები და მარიამი ქალაქს მიუახლოვდნენ, მარიამს მშობიარობის დრომ მოუწია. იოსებმა დასაბინავებელი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან აღწერის გამო უამრავი ხალხი იყო ბეთლემში თავმოყრილი. ვინაიდან უკვე ღამდებოდა და მომავალი მესიის დედისთვის არ აღმოჩნდა ქალაქში ადგილი, იოსები და მარიამი იძულებულნი გახდნენ ქალაქგარეთ, სწორედ იმ გამოქვაბულში შეეფარებინათ თავის, სადაც უამინდობისას მწყემსები თავიანთ ნახირს აბინავებდნენ.
იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული.
შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე". ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ „ბრმების ბრმა წინამძღოლებმა" დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.
ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყათ. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენს ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.
მათ ყველაფერი უამბეს წმინდა იოსებსა და ღვთისმშობელს. სალომეა (ნათესავი ღვთისმშობლისა და იოსებისა) და ყველა იქ მყოფი, რომლებიც ახალშობილის სანახავად იყვნენ მოსულები, გაოცდნენ მწყემსების მონათხრობით. ღვთისმშობელი კი „ჩუმად უსმენდა მათ და იმარხავდა ყოველ სიტყვას გულში".
მოგვთა თაყვანისცემა
რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.
იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა, უმეტესად სპარსეთში, ებრაელთაგან იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ, რომ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მართალია წინასწარმეტყველება მესიის ვარსკვლავის შესახებ სულიერი გაგებით იუწყებოდა, მაგრამ ღმერთმა, მისი გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ცნობა მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით მისცა.
როცა ქრისტეს შობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი, ყოველი თავისი ქვეყნიდან, გაემართნენ პალესტინისკენ.
იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ისევ ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა, ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მათთვის მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გამოიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიეახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.
მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ მონათხრობში კიდევ ის არის შესანიშნავი, რომ პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანი სცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.