მელიქიშვილის გამზირზე, სადაც 9 წლის წინ ცნობილი პუბლიცისტი გურამ შარაძე მოკლეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბა საზოგადოება და პატივი მიაგო მის ხსოვნას. შეკრებილთ საჩუქარი გაუკეთა გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ და მამის წიგნები დამსწრე საზოგადოებას უსასყიდლოდ გადასცა.
,,20 მაისი ჩვენს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. 9 წლის წინ მელიქიშვილის გამზირზე ვერაგულად მოკლეს ბატონი გურამ შარაძე. ეს იყო ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდა საქართველოს.
საქმეზე გამოძიება განახლდა, ოჯახიც მუდმივ კონტაქტშია გამოძიებასთან, თუმცა მსგავს საქმეებს ერთი დიდი სირთულე ახლავს თან. მტკიცებულებების მოპოვება გართულებულია ამდენი წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს და სხვა მრავალი გახმაურებული საქმე ახლო მომავალში გაიხსნება". - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ.