ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, საშობაო ლოცვის, უფლის პოვნისა და სიყვარულის შესახებ იქადაგა. როგორც მამა თეოდორე აღნიშნავს, როდესაც ადამიანი მუდამ ღმერთს ეძებს, ესაა სწორედ უფლის ხილვა.
„მართლმადიდებლობა, სულიერი ცხოვრების ის ისიხასტური წესი, როცა ადამიანი საკუთარ თავში, მყუდროებაში, საკუთარ შიგა მყუდროებაში ღმერთს ეძებს მუდამ, ეს არის სწორედ უფლის ხილვა. გონება, რომელიც ღმერთის შემეცნების ორგანოა, რომელიც შიდა თვალია, ეს გონება, როგორც შიდა თვალი და მზერა, მიპყრობილია ქრისტესკენ და არ შეუძლია მას თვალი მოაცილოს - ამას ნიშნავს „მოუკლებლივ ილოცვიდეთო“, პავლე მოციქული რომ ამბობს, ამას გვასწავლის იესოს ლოცვის პრაქტიკა. სულიერი ცხოვრება სწორად მაშინ ვითარდება, თუ ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლით, რომ გონების მზერა არ მოვაცილოთ ქრისტეს, შიგნით“, - აღნიშნავს თავის ქადაგებაში მამა თეოდორე.