პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა.
შეჯიბრებაში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მჯავრდებულები მონაწილეობდნენ. ტურნირზე არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრებაში მეორე და მესამე ადგილებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, კახეთისა და შიდა ქართლის გუნდები გავიდნენ.
ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და მედლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა გადასცეს. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
„ფეხბურთის ჩემპიონატი პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ოფიცრების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში რამდენიმე ეტაპად ტარდება. ივნისში ანალოგიური ტურნირი დასავლეთ საქართველოში გაიმართება, სექტემბერში კი თბილისში ფინალური ასპარეზობა მოეწყობა.
ტურნირის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" ადმინისტრაცია, რომელმაც ასპარეზობაში გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა.
2015 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.