logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ბრძოლა სისტემური ცვლილებებისა და ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე გრძელდება
- +

22 მაისი. 2016. 13:32


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, დავას გააგრძელებს საერთო სასამართლოების წესით და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოცემული სადავო ბრძანებების კანონიერების დადგენის პარარელურად, გააგრძელებს მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" საქმიანობის, საგრანტო პოლიტიკისა და გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო ფულის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.



„ახალგაზრდა ადვოკატებმა" ცესკოს დაქვემდებარებული „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" საქმიანობის შეფასების მიმართ საზოგადოებრივი დისკუსია 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო, რა დროსაც, შესწავლილ იქნა სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკა და აღმოჩნდა, რომ გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო თანხის გამოყენება ხდებოდა არაეფექტურად, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაუცველად, ხოლო საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სამოქალაქო ორგანიზაციები მუდმივად ერთი და იგივე იურიდიული პირები იყვნენ. ორგანიზაციამ მაშინ განაცხადა, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ ყოფილა როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. ქვეყანაში, საბიუჯეტო ფულით, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების" ეპოქა უნდა დასრულდეს და პროცესი გახდეს გამჭვირვალე, ნამდვილი, ობიექტური. ბიუჯეტის ფული არ არის არც სწავლების ცენტრის დირექტორის პირადი მოხმარების საგანი, რომ მან საკონსკურსო კომისიის სახელით, მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს, რომლებიც დღემდე გამოირჩევიან პარტიული კუთვნილებით ან ორგანიზაციები, რომლებსაც სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირველ პირებთან ახლობლურ-მეგობრული  ურთიერთობები გააჩნიათ" - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა 2016 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.



„ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2015 წლის განმავლობაში, ორჯერ მიიღეს მონაწილეობა ცესკოს დაქვემდებარებული სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ორგანიზაციის საპროექტო წინადადება არც ერთ ეტაპზე არ დაფინანსდა. ორგანიზაცია საკითხის ანალიზმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწავლების ცენტრში ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის არაკეთილსინდისიერი ფორმით ახლობელ ორგანიზაციებზე გაცემის ფაქტები და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების ყოფილ ხელისუფლებასთან და ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ბიოგრაფიულად დაკავშირებული კონტაქტები, რომელიც არც ახლა ქმნის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ შეიძლება დაძლეულიყო ან შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრის სწორი ფორმირების გარეშე, რეალობის მხილებისა და თანამდებობრივი ცვლილებების გარეშე. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი სტრატეგიული მოსაზრებით დაენახა, საკითხი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამხდარიყო საერთო სასამართლოების განხილვის საგანი და საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, სწავლების ცენტრის უთანასწორო და დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შესაცვლელად, საქმიანი წინადადებებით წარმსდგარიყო.



„ახალგაზრდა ადვოკატები" საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კონფლიქტში არ შევა სასამართლო სისტემასთან, თუმცა გვაქვს მაღალი ინტერესი, საზოგადოებას ვაცნობდეთ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შეფასებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზემდგომი სასამართლო ინსტანციების რეალური დაინტერესება იქნება პრეცედენტულ დავაზე ჭეშმარიტების დადგენა. ჩვენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ხუთივე შუამდგომლობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ობიექტურ ასახვას ჰპოვებს სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. მოპასუხე სწავლების ცენტრმა უკვე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ ცალკეული მედია საშუალებებით თითქოსდა ვრცელდებოდა უსაფუძვლო, არასწორი ინფორმაცია ჩატარებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით. სწავლების ცენტრმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის 21 ივლისის საგრანტო კონკურსის შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. სინამდვილეში, ორგანიზაცია 2015 წლის 21 ივლისის საგრანტო კონკურსის შედეგების და მასთან დაკავშირებული არავითარი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას არ ითხოვდა. სწავლების ცენტრის პოზიცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სისტემაში საგრანტო პოლიტიკა სამართლიანობის კრიტერმიუმებს ეფუძნება. რაც შეეხება დავის რეალურ შინაარს, „ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვდა გაუქმებულიყო სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება და აღნიშნული ბრძანების ძალაში დატოვების თაობაზე სწავლების ცენტრის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის განკუთვნილ ინოვაციურ პროექტზე: „ყველა ხმა მომგებიანია".



„ახალგაზრდა ადვოკატებმა" უკვე შექმნეს სასამართლო დავისა და დისკუსიის პირველი პრეცედენტი და ნებისმიერ შემთხვევაში, დავის ზემდომ სასამართლო ინსტანციებში გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაასაბუთდა, გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი იმთავითვე გამოიკვეთა. სასამართლოს პოზიცია ძირეულად ეწინააღმდეგება „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მე-6 მუხლს, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების კანონის საფუძველზე განხორციელების საყოველთაო პრინციპს. ჩვენი გაოგნება გამოიწვია სასამართლოს დამოკიდებულებამ ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის ფაქტის მიმართ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკოს ადმინისტრაციული სხდომიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, ცესკო-ს იურიდიული სამსახურის უფროსმა სხდომიდან გააძევა „ახალგაზრდა ადვოკატების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ორგანიზაციის წევრი იურისტები. სხდომაზე ორგანიზაციის თანამშრომლები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს, ვინაიდან წარმოადგენდნენ პროექტის მონაწილეებს, გასაჩივრებული ბრძანებით კი, მათ უსაფუძვლოდ არ ეძლეოდათ ინიციატივის განხორციელება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის იგივე თანამშრომლები, 2015 წლის აგვისტოში, ცესკო-მ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას სრულად დაასწრო, 2015 წლის ნოემბერში კი - სხდომა დაატოვებინა. ჩვენ აღვნიშნავდით და მივუთითებთ ახლაც, რომ სასამართლოს ცესკოს განკარგულების პირდაპირი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები გააჩნდა, რადგანაც აღნიშნული განკარგულება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის პირდაპირი დარღვევით, როდესაც ცესკო ვალდებული იყო ღიად და საჯაროდ წარემართა სხდომა, ხოლო უფლებამოსილების გადამეტებითა და საჯაროობის პრინციპის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს, იურიდიული ძალა არც ერთ შემთხვევაში, არ გააჩნია.



„ახალგაზრდა ადვოკატების" გადაწყვეტიულება, სააპელაციო წესით გაასაჩივროს მიღებული გადწყვეტილება, განპირობებულია მოსამართლე დავით წერეთლის განცხადებითაც. მოსამართლე დავით წერეთელმა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოცხადების დროს, ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად და საქვეყნოდ განაცხადა შემდეგი, რომ: „რაც შეეხება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვის დროს, ასე ვთქვათ, ინციდენტს, არდაშვების ფაქტს, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ეს კანონის მოთხოვნათა დარღვევაა" (სტილი დაცულია). საზოგადოების საყურადღებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ მართალია, სასამართლო აღიარებს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სხდომაზე საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპი დაარღვია, დაირღვა კანონი, რომელიც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია, თუმცა მოსამართლე დავით წერეთელს მისი ინდივიდუალური სამოსამართლო როლის და საქმის განხილვის პოლიტიკური ნებისგან თავისუფალი გარემოს პირობებში, არ აღმოაჩნდა სათანადო პრინციპულობა, გამბედაობა და დამოუკიდებლობის ხარისხი, საკუთარი შეხედულება სასამართლო გადაწყვეტილებად ექცია. ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ მოსამართლე დავით წერეთლის პროფესიული ბიოგრაფია არ ტოვებდა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღების მოლოდინს. ამიტომაც, თუ ბატონ დავით წერეთელს სამოსამართლო საზოგადოებაში მიღებული გადაწყვეტილების არ შერცხვება, ჩვენ მზად ვართ მას ეს ერთი შეცდომა საჯაროდ ვაპატიოთ და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოვახდინოთ მისი გასაჩივრება.



„ახალგაზრდა ადვოკატები" განაკუთრებული მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის. ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების" საქმე იქნება ცვლილებებისა და მომავალი საკადრო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ, ამ ბრძოლაში, საზოგადოებასთან ერთად ვართ.



გთავაზობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დავით წერეთლის 2016 წლის 18 მაისის განცხადებას საქმეზე სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების დროს - „სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში, უნდა ემსჯელა აქტის კანონიერებაზე. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. იხ. 2013 წლის 26 სექტემბრის #საქმე ბს-300-291(კ-13), სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის, სათათბირო ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერებისა და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ეს არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება და დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა და იმსჯელა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, არა აქტის მიზანშეწონილობის, არამედ კანონიერების თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, პრინციპში, სადავო არ გამხდარა, რომ აქტი კანონის მოთხოვნათა ფორმალური თვალსაზრისით დაცული იქნა, რაც შეეხება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვის დროს, ასე ვთქვათ, ინციდენტს, არდაშვების ფაქტს, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ეს კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, თუმცა აქ სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც ადამიანის უფლებათა  ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც პირს აქვს სასამართლოში თავის უფლებების დაცვის შესაძლებლობა, სასამართლოს შეუძლია გადასინჯოს კანონიერება და იქ ამტკიცოს მხარემ, რომ თავისი უფლებები დაირღვა, ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის შესაძლებელია არ იქნას მიჩნეული არსებით დარღვევად. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებითი დარღვევა უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის შესაბამისად, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ კანონიერების შემოწმება აქსესორული უფლებით დამოკიდებული იყო ძირითად აქტთან მიმართებაში" - განმარტა მოსამართლე დავით წერეთელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს. (სტილი დაცულია).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner