2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი კვების ობიექტი: „მარანი“, „ჰუკა“, „მოეტი“, „ბლუმი“, „კორა“, „ალადინი“, „ორანჟერეა“, „საჰარა“, „ბლექ ბული“. ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
ალიანსის ცნობით, ეს რესტორნები განლაგებულია ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე.
როგორც ალიანსის განცხადებაში წერია ამ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა.
ალიანსის ინფორმაციით, არის დაწესებულებები, რომლებიც მეორედ და მესამედ დაჯარიმდნენ უკვე. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება.
2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.
მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.