ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
როგორც ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ განუცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვეტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა მოსახლება დავამშვიდო, სიტუაცია არაა საგანგაშო,“- აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.
ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ პაციენტებთან კომუნიკაციის აკრძალვის მიზნით მნახველთა ვიზიტი აიკრძალა.
„საავადმყოფოში მომართვიანობა გაზრდილია. იმ მიზნით, რომ ინფექციის გავრცელება შევზღუდოთ, გამოვაცხადეთ კარანტინი. საჭიროა შევწყვიტოთ კონტაქტი ინფიცირებულ მოქალაქეებთან. გრიპის დიაგნოზით 27 მოქალაქეა მოთავსებული, აქედან 7 ბავშვია და 3 ორსული",- განაცხადეს საავადმყოფოში.