„გორის რაიონის სოფელ ბერბუკიდან ცხრა თვის ბავშვი 31 დეკემბერს შემოიყვანეს, ექიმების შეთავაზების მიუხედავად, დედამ შვილის სტაციონარში დარჩენაზე უარი თქვა“, – ამის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“ განაცხადეს, სადაც ამბობენ, რომ ჩვილი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მათ კლინიკაში 31 დეკემბერს მიიყვანეს.
როგორც ექიმმა პედიატრმა თამილა გოგიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ბავშვს კლინიკაში მიყვანის დროს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. მისი თქმით, ექიმების შეთავაზების მიუხედავად, ბავშვის დედამ კლინიკაში შვილი არ დატოვა.
როგორც ექიმები ამბობენ, მანამდე 9 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და იქიდანაც ოჯახის გადაწყვეტილებით, თვითნებურად წამოიყვანეს.
„ავადმყოფი ჩვენს კლინიკაში 31 დეკემბერს შემოვიდა. ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია 39.2 გრადუსი. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. დედამ განაცხადა, რომ წინა დღეს თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა და ხელწერილის საფუძველზე ბავშვი წამოიყვანა სტაციონარიდან. ჩვენ გავუწიეთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დავუწიეთ ტემპერატურა, შევთავაზეთ სტაციონარში დარჩენა, რაზეც დედამ უარი განაცხადა. მან გვითხრა, რომ სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვები, ბებია საავადმყოფოში ჰყავდა და სტაციონარში ვერ დარჩებოდა. ჩვენ ვუთხარით, რომ ბავშვი განმეორებით მოეყვანა“, – აცხადებს ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი.
სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად ბავშვის დეიდა ირინა შიუკაშვილი გრიპის გართულებას ასახელებს.
სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.