„მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
„შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ მიმართულებებზე:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ამავე მიზეზით გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე 8 იანვარს ღამის საათებში აიკრძალა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია 4 იანვრიდან.
ამავე გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნამდე ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია – მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზის კმ 33 კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ1-კმ10.1 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ამ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.