„მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება, ხოლო საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1% - ს შეადგენს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
„მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით. მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, - აცხადებს მიქაბაძე.
მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისში აქვეყნებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019 წლებისთვის 0.8 და 0.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმა ასევე გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.
მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის მიმართულებით.