„ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი დღეს შეივსება. რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება.
რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.