logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია არ არის
- +

10 იანვარი. 2019. 13:09

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მატებას ექსპერტები აფასებენ.

 

სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით, „წამატებული“ 0.2 პროცენტი, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, დამატებით 85 მილიონი ლარის  მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებას ნიშნავს.

 

„მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია არ  არის. ის, მნიშვნელოვანწილად, რეპუტაციული ინდიკატორიცაა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მის სისტემურ მდგრადობასა და განვითარების პოტენციალზე. მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მატება, ადრინდელ შეფასებებთან შედარებით, ასევე დააფიქსირეს ისეთმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი. აღნიშნული ინფორმაცია პირდაპირი პოზიტიური გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის.  იმ ეკონომიკური, ფინანსური, საქმიანი თუ პოლიტიკური წრეებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ურთიერთობა საქართველოსთან ან განზრახული აქვთ, ქართულ ბიზნესწრეებთან ურთიერთობების დამყარება“, - აცხადებს  ეკონომიკის ექსპერტი.

 

სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ  გავრცელებული ინფორმაციის პოზიტიური დატვირთვა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი მეზობლებისა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების - თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ეკონომიკების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირების ფონზე. დასახელებულ ქვეყნებზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 40 პროცენტი და ჩვენი აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი.

 

„ყოველივე ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ მაღალი მდგრადობის  დონე, სტაბილური განვითარების პოტენციალი, რაც ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის  შედეგია“, - აცხადებს სოსო  არჩვაძე.

 

შეგახსენებთ,  რომ  მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის 0.2 პუნქტით - 5.0 პროცენტამდე  გაზარდა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner