„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხდებით, პარტია მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
როგორც კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოს შუალედური არჩევნების პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას", - განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.
„ჩვენ, „ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული სხვა არჩევნები", - განაცხადა კახი კალაძემ.