„თურქეთი კანაფის წარმოებას იწყებს“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთმა კანაფის მოყვანა მტრების გამო შეწყვიტა, რომლებიც თავს მეგობრებად ასაღებდნენ.
მისივე განცხადებით პოლიეთილენის პარკებს თურქეთმა „ომი“ უნდა გამოუცხადოს და მისი ჩანაცვლება კანაფისგან მოქსოვილი ბადე-ჩანთებით უნდა მოხდეს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად თურქეთი კანაფის იმპორტს ახდენს.
„პოლიეთილენის პარკები მიწაში არ იშლება 500, 750 და 1000 წელი. ჩვენ მტკიცედ გამოვუცხადეთ მათ ომი. მე მახსოვს, რომ ჩემი მშობლები აკეთებდნენ ნაქსოვ ჩანთებს, საყიდლების შემდეგ მათ არ ყრიდნენ, რეცხდნენ და ისევ იყენებდნენ. ეს მიწასთან მეგობრობაა. ჩემს მშობლიურ პროვინციაში, რიზეში მოჰყავდათ კანაფი, რომლისგანაც ასეთი ჩანთებისთვის ქსოვილს ამზადებდნენ. მტრებმა, რომლებიც თავს მეგობრებად გვაჩვენებდნენ, კანაფი ჩვენი ქვეყნიდან მოაშორეს. რიზეში ახლა კანაფი არ მოჰყავთ და ჩვენ მის იმპორტირებას ვახდენთ, ისევე როგორც იმ პროდუქციების, რომელიც კანაფის საფუძველზე მზადდება, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ ისევ დავიწყებთ კანაფის მოყვანას“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
2019 წლის 1 იანვრიდან ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიეთილენის პარკები თურქეთის ყველა სავაჭრო წერტილში ფასიანი გახდა.