აჭარაში H1N1 ვირუსით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვეა დღეს დილით მოხდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მამაკაცმა კლინიკას 20 დეკემბერს მიმართა, დაიწყო ინტენსიური მკურნალობა, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა.
„მთელო კვირა სახლში იყო მაღალი ტემპერატურით. კლინიკას მიმართა რენტგენისთვის, მდგომარეობა უკვე იყო რთული. ინტენსიური მკურნალობა დაიწყო, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
აჭარაში მიმდინარე სეზონზე H1N1 გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.
დღეს ქუთაისში გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა კაციც გარდაიცვალა, 24 წლის ახალგაზრდა პაციენტი H1N1 ვირუსით დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალურად H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.
„H1N1 გრიპის სიმპტომი ადამიანს თუ აქვს, აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. მონიტორინგის შედეგად 500-მდე კვლევაში 270 შემთხვევაში არის გრიპის ვირუსი და აქედან 98% არის H1N1, ექვსი შემთხვევა გვაქვს H3N2“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პრემიერმინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა.
ამ დრომდე, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.
რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.