„არანაირი გამართლება და არც პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს იმას, რომ მოსახლეობისთვის ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილება კიდევ შეიზღუდოს“, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმების გადაწყვეტილებას, რომ გრიპის ვირუსის გამო ე.წ. საზღვარი ჩაკეტონ.
„ერთი ის, რომ საქართველოში არ არის ეპიდემიური მდგომარეობა. არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება გრიპის ა ტიპის ვირუსს, მაგრამ ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის აბსოლუტურად ყველგან და გაცილებით დიდი მასშტაბებით, მათ შორის იგივე რუსეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს და თქვენ იცით, რომ მინისტრმა გააკეთა განცხადებები დამატებით მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მოსახლეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც და არც ეს არის ის საკითხი, სადაც არ შეიძლება გზების გამოძებნა, რომ პირიქით დავეხმაროთ მოსახლეობას ასეთი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ უშუალოდ ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იქნება დამატებითი შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს გადაადგილება, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის.
ყველა მექანიზმი ავამოქმედეთ, მათ შორის სხვადასხვა საკონტაქტო ხაზი. გარდა ამისა, ჩემი აპარატი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, კომუნიკაცია გვქონდა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან. ინფორმაცია მიწოდებული აქვს ყველა შესაბამის ორგანიზაციას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და მონაწილეებს.
მობილიზება ხდება ერთი მიზნით, არ იქნას დაშვებული, რომ ეს იყოს ხანგრძლივი. მოვძებნოთ გამოსავალი, რათა დავიცვათ მოსახლეობა, რომელიც საფრთხის ქვეშ შეიძლება იყოს არა ამ გადაადგილებით, არამედ ადგილზე შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა, ამიტომ შევეცადოთ, რომ ერთად გადავჭრათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გრიპის ვირუსის გამო, ორივე საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს.