„ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების" თავმჯდომარე სოსო ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო, როგორც ვიცით, ქართველმა მამულიშვილებმა, ახლად დაარსებული პატრიოტული გაერთიანების „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თაოსნობით, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი პოლიტპატიმარი (უფრო ზუსტად, სინდისის პატიმარი) და უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, ა.წ. 22 თებერვალს არ დაუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარე ანტიქრისტიანული ძალებისგან დაფინანსებული და მართული სოდომისტური ორგანიზაციის ე.წ. ლგბტ-ს მიერ ქართველი ერის ღირსების შეურაცხმყოფელი „საგანმანათლებლო" ლექციის გამართვა, რამაც მეტად შეაშფოთა საქართველოში ჩანერგილი ანტიეროვნული ორგანიზაციები და დენაციონალიზებული ელემენტები, რომლებიც ასევე გარე ანტიქრისტიანული ძალების უშუალო განკარგულებებს ასრულებენ. ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ შერცხვნენ თავიანთი დამკვეთების/შეფების წინაშე.
როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მყისიერად აამოქმედეს თავიანთი დაქირავებული „ფეისბუქ-კალმოსნები" (ჩვენ დროს ასეთ ვაი-მწერლებს ვეძახდით „ქაღალდის მტრებს") და ვინმე ლაშა მილორავამ აშკარად პროვოკაციული მიმართულების - ღვარძლით აღსავსე და პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი პასკვილი გამოაქვეყნა გიორგი გაბედავას შესახებ, სადაც იგი მას „გიორგი ზომბედავად" მოიხსენიებს და ათასგვარ სიბინძურეს წერს.
გიორგი გაბედავას ვიცნობ დაბადებიდან. იგი ჩემს თვალწინ იზრდებოდა და ყალიბდებოდა ქართველ ქრისტიან მამულიშვილად. 2008 წლის აგვისტოში, 17 წლის ჭაბუკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში, იცავდა სამშობლოს რუსეთის იმპერიის აგრესიისაგან. 2010 წელს ლაშა მილორავას უფროსი სულიერი ძმების, ცრუნაციონალების ბოგინის პერიოდში დაპატიმრებულ იქნა და თითქმის 4 წელიწადი გაატარა ციხეში ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულის გამო. არც მას შემდეგ შეუწყვეტია მამულიშვილური ღვაწლი და დღემდე მტკიცედ დგას ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე.
მე პირადად არ ვიცნობ ლაშა მილორავას, არც ის ვიცი, რა წლოვანებისაა და აქამდე რა საქმიანობას ეწეოდა. ამიტომ, იქნებ მან თავად დაგვისახელოს თავისი რაიმე სახის ღვაწლი სამშობლოს წინაშე... ვფიქრობ, ასეთ რამეს იგი ვერ დაასახელებს, რამეთუ მისთვის და მისი დამკვეთებისთვის სამშობლოს ცნება საერთოდ არ არსებობს.
ადრეც აღმინიშნავს და ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოში ჩანერგილი ცრულიბერალური ანტიეროვნული ძალები სიონისტურ-რუსული (იგივე ბოლშევიკური) იდეოლოგიის მემკვიდრენი არიან და ნებისმიერი საკითხისადმი მიდგომაც მათებური აქვთ. ყველასთვის ცნობილია, რომ სიონისტურ-რუსული ბოლშევიზმი გმობდა ქრისტიანულ მორწმუნეობას და მამულიშვილობას (სამშობლოს მოყვარეობას), ზომბებად და ფანატიკოსებად რაცხდა მორწმუნეებს და თავისი ქვეყნის/ერის მოყვარე ადამიანებს და ყოველმხრივ დევნიდა მათ. ასევე იყო დროების მოთხოვნის შესაბამისად „გადემოკრატებული" ბოლშევიკი შევარდნაძის ბოგინის პერიოდში, როდესაც დევნიდნენ ქრისტეს მორწმუნეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქართველ მამულიშვილებს. იმავე იდეოლოგიას ექვემდებარება ცრულიბერალების „ფეისბუქ-კალმოსანი" ლაშა მილორავა - მისი თვალსაზრისით, ქრისტეს მორწმუნეობა და მამულიშვილობა ზომბირებაა, რასაც იგი გიორგი გაბედავას ვითომ დასამცირებლად მისი გვარის გადაკეთებით გამოხატავს. ასევე, ცრულიბერალებს და მათ „ფეისბუქ-კალმოსნებს" ფსიქოლოგიური ბრძოლის მეთოდებიც ზუსტად ბოლშევიკებისგან აქვთ აღებული - პიროვნების შეურაცხმყოფელი და ღვარძლით აღსავსე პროვოკაციები, რომელმაც ადამიანი წყობიდან უნდა გამოიყვანოს, რათა მერე მორიგი ჟივილ-ხივილი ატეხონ - მორწმუნეები და მამულიშვილები ზომბები და ფანატიკოსი მოძალადეები არიანო. ასე რომ, „ქაღალდის მტრის" ლაშა მილორავას და მისი ცრულიბერალი შეფების სახით ჩვენ აშკარა ნეობოლშევიზმთან გვაქვს საქმე.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვურჩევ ჩემს თანამებრძოლს გიორგი გაბედავას: ძმაო, არ აჰყვე არანაირ პროვოკაციას. გაიხსენე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე როგორ შეურაცხყოფას ითმენდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება სწორედ მას ხვდა წილად („ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" - იოანე: 16.33) და არა მის წინააღმდეგ ამხედრებულ ფარისევლებს და სჯულისგან განმდგარ მწიგნობრებს (სინამდვილეში, სულიერ განათლებას მოკლებულ უმეცართა ბრბოს - თანამედროვე ცრულიბერალების და „ქაღალდის მტრების" სულიერ წინაპრებს).
ჯერ სად ხარ, თუ ქართულ საქმეს გააგრძელებ, თუ სამშობლოს სიყვარულზე და ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებაზე უარს არ იტყვი, თუ კვლავ მტკიცედ იდგები მართლმადიდებელი ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე - ფსიქოლოგიური წნეხი და პროვოკაციული შემოტევები სულ უფრო იმატებს და გამძლავრდება. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენ არ დაგვაფრთხობს. ერთი რამე კარგად უნდა შეიგონონ საქართველოში ჩანერგილმა ანტიეროვნულმა ძალებმა და დენაციონალიზებულმა ელემენტებმა: მიუხედავად ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და აშკარა პროვოკაციებისა, ჩვენი ქრისტიანულ-ეროვნული ქარავანი სვლას არ შეაჩერებს, ღვთისადმი სასოებით გზას გააგრძელებს და უფლის შეწევნით საბოლოო გამარჯვებამდე უცილოდ მივა.
საბოლოოდ, საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებულ ჩვენი ქვეყნის მკვიდრთ მოგმართავთ: სანამ გვიან არ არის, შეწყვიტეთ საკუთარი სამშობლოს და მშობელი ერის მტრობა, ქართული სულის ჩაკვლა შეუძლებელია, ათასწლეულების მანძილზე ეს ვერავინ შეძლო და ვერც თქვენ შეძლებთ. თქვენ „ჩაუძირავ გემს" ებრძვით, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანიც კი ვერ ერევიან (მათე: 16.18). კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ საით მიდიხართ, რას ემსახურებით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ყოველივე ის დროებითი „წარმატება" და ხრწნადი მატერიალური კეთილდღეობა, რასაც საკუთარი ერის და ქვეყნის მტრობით მოიხვეჭთ, ადრე თუ გვიან განქარდება, არარაობად იქცევა, და მის სანაცვლოდ დაკარგავთ იმ მარადიულს, რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი განძია - უკვდავ სულს: „რაი სარგებელი ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" (მათე: 16.26)", - წერს სოსო ჯაჯანიძე.