„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდულად შეუძლებელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა. გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დეკემბერში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია წარუდგინა.