საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დააკავეს. ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 200-ს პატიმრობა შეუფარდეს. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პარიზში პოლიციამ 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა 74 მათგანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მათ ბრალად პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა და აკრძალული იარაღის ტარება ედებათ.
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა 84 ათასმა ადამიანმა მიიღო. საწვავზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო.