„2018 წელი იყო მძიმე ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის, ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიმძიმის შემდეგ ბედნიერებით სიხარულით აღვსილი იყოს 2019 წელი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„დღეს ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ 2018 წელი იყო მძიმე ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის, ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიმძიმის შემდეგ ბედნიერებით სიხარულით აღვსილი იყოს 2019 წელი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წელი იყო მაინც მადლობას ვწირავთ ჩვენ დღეს უფალს და შევასრულებთ სამადლობელ პარაკლის. მადლობას შევწირავთ უფალს სიხარულისა და მწუხარებისთვის. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში“, - ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას, დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველის მოღვაწეობა გაიხსენა და მისი ცხოვრების განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი.
„დღეს მინდა ვისაუბრო დავით მეფის შესახებ. ყველაზე ახლობელია ჩვენთვის დავით მეფე. ყოველდღიურად ვკითხულობთ მის ფსალმუნებს. განსაკუთრებულია მისი ცხოვრება, ჯერ ახალგაზრდა იყო, როცა ღვთის განგებით წინასწარმეტყველმა სამოელმა დაასხა მირონი და აკურთხა ის მეფედ. დავით წინასწარმეტყველი გახდა მეფე 30 წლისა. 30 წლის შეუდგა ის ამ მძიმე გზას და იყო 40 წელი. ამ ხნის განმავლობაში ყველადფეს აკეთებდა ის, რომ გამთლიანებულიყო ისრაელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ რიცხვი 40 საიდუმლოებით მოცული რიცხვია. 40 დღე იყო მაცხოვარი უდაბნოში 40 წელი ატარა მოსემ ისრაელი უდაბნოში და ადამიანმა რომ მკითხოს რას ნიშნავს ეს 40 რა საიდუმოებით მოცულია ეს რიცხვი დამაჯერებელ პასუხს ვერ გავცემ. საერთოდ ღვთის განგებაში ბევრი რამ არის ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი. 40 წელი ფსალმუნები და საკრავი, ქნარი მუდამ მასთან იყო. შეგვეწიოს წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი. ბევრი მინახავს საქართველოში, რომ დღედა ღამე იკითხება ფსალმუნები მეფისა დავითისა და ეს გვაძლევს ჩვენ დიდ შვებას“, - ბრძანა უწმინდესმა.