საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას, გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები.
„იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელსაც სურს, მშვიდ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.
ეკა მიშველაძის განცხადებით, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა.
„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.